რატომ არეგისტრირებს "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს 18 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების მიღების პროგრამაში - დღეს ამ საკითხზე განმარტება ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დახმარების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ხელისუფლებამ არ მიაწოდა და პარტიას შეკითხვით არაერთმა მოქალაქემ მიმართა, რის შემდეგაც დახმარების სერვისის შეთავაზება გახდა საჭირო.
"ნაციონალურ მოძრაობის" შტაბები მოქალაქეებს დედაქალაქსა და რეგიონებში თითო ბავშვზე 200 ლარის მისაღებად, რეგისტრაციის გავლაში ეხმარებიან. ამის გამო გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" მმართველმა გუნდმა გააკრიტიკა.
"ის, რომ მთავრობა ცდილობს, ძირითადი დახმარებების ნაწილი სწორედ სექტემბერ-ოქტომბერში დაარიგოს, იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა ცდილობს, არჩევნებისთვის მანიპულაციისთვის გამოიყენოს ეს დახმარებები და ამისთვის მოსახლეობის გული მოიგოს, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავრობა ნუ თამაშობს კეთილშობილის როლს. ის დახმარება, რომელიც გაიცემა დღეს მოსახლეობაზე, არის მოსახლეობის კუთვნილება და მათვე გაისტუმრონ ეს საგარეო ვალის გასტუმრების სახით,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.