17 წლის ჩათვლით ბავშვებისათვის ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია სიღარიბის დასაძლევად - ასეთია "გაეროს ბავშვთა ფონდის" კვლევის შედეგები, თუმცა ორგანიზაცია კორონავირუსის ზეგავლენით მოსახლეობაში სიღარიბის გაზრდას 30, ბავშვებში კი, 37%-ით პროგნოზირებს. "იუნისეფი" რისკებზე განსაკუთრებით რეგიონებში საუბრობს და მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პრეზენტაციაზე მყოფმა სამთავრობო გუნდის წევრებმა მოისმინეს.
მხოლოდ სოციალური დახმარებების გაცემით სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია - ასეთია ოპოზიციის პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები გლობალური კრიზისის პირობებში მოსახლეობისთვის ფულად დახმარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, თუმცა მთავრობის მიერ განხორციელებულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას იწუნებენ.
ოპონენტების კრიტიკის საპირწონედ საპარლამენტო უმრავლესობა სიღარიბესთან გამკლავებას მხოლოდ სოციალური პროგრამებით არ აპირებს. დეპუტატები პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ. ამბობენ, რომ ისინი "იუნისეფის" რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებენ, რაც გაცემული კომპენსაციების ოდენობაშიც განისაზღვრა.