პარტიების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი, რომელსაც "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია უხელმძღვანელებს, ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"შტაბში იქნება წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობს პროცესში და ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს და ხელმძღვანელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც თავიდან აგვარიდებს არჩევნების გაყალბებას და დაიცავს ამომრჩევლის ხმებს," - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამომრჩევლის ხმების დასაცავად.
"მათ შორის, შემიძლია უკვე გითხრათ 2 კონკრეტული ნაბიჯი - ერთი, ეს არის პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა და მეორე, ეს არის საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები ამ ბაზაში ასახულ დარღვევებზე," - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიებსა და შტაბს მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ არასამთავრობო სექტორთან და უცხოელ დიპლომატებთან.