26-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას ხმების ერთობლივი დაცვის თაობაზე.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელიც დეკლარაციის ფარგლებში შექმნილ საკოორდინაციო შტაბს უხელმძღვანელებს, აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, დეკლარაციის ხელმომწერი ყველა პარტიის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული გეგმა და მექანიზმები, სადაც განსაზღვრული იქნება შტაბში მათი ფუნქციები და მოვალეობები.
"უახლოეს ხანებში შემუშავებული იქნება გეგმა, თუ რა გეგმით იმუშავებს შტაბი. ეს გეგმა შემუშავებული იქნება ყველა პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის გზითა და მათი ჩართულობით. ყველა პოლიტიკურ პარტიას შტაბში ეყოლება თავისი წარმომადგენელი და თავისი მიმართულება განსაზღვრული, რომელიც იმუშავებს ხმების დასაცავად,"-განაცხადა პაატა დავითაიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შემუშავდება მექანიზმი 2020 წლის არჩევნებზე დარღვევების გამოვლენის და მასზე რეაგირების კუთხით.
"შეიქმნა ხმების დაცვის საკოორდინაციო შტაბი, რომლითაც უზრუნველვყოფთ იმას, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა ამ არჩევნებში იყოს დაცული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერცერთი ხმა ვერ მოიპაროს. ამისთვის ჩვენ ავამუშავებთ კონკრეტულ მექანიზმებს, მათ შორის დარღვევების გაზიარების, გამოვლენის, მასზე რეაგირების იმისთვის, რომ იყოს ეფექტური მექანიზმი, რომ თიოთოეული მოქალაქის ხმა აისახოს არჩევნებში, რომელიც იქნება ამ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების გარანტი,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აღნიშნულ შეთანხმებას ევროპაში უპრეცედენტოს უწოდებს.
"თანამედროვე ევროპის ისტორიაშიც კი ამდენ განსხვავებულ, ოპონირებაში მყოფ პარტიას არსად არ მიუღია ერთობლივი დეკლარაცია ხმების ერთობლივ დაცვაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველი ოლიგარქიული ელიტა უნდა შეეგუოს ძალაუფლებაში არდარჩენის პერსპექტივას,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე დეკლარაციას ქართულ პოლიტიკაში ძალიან პოზიტიურ მოვლენად აფასებს.
"ამდენი პარტია შეთანხმდა ერთობლივად იზრუნოს საქართველოს მოქალაქის ხმის დაცვაზე, ეს არის ძალიან პოზიტიური მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება და შემდგომი ნაბიჯები, რომელიც დავგეგმეთ მოემსახურება იმას, რომ თითოეული ხმა იყოს მაქსიმალურად დაცული და არ მივცეთ მმართველ ძალას ხმების მოპარვის საშუალება,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ შემოუერთდებიან აღნიშნულ დეკლარაციას, საზოგადოებაში აღიქმებიან, როგორც მმართველ პარტიას დამორჩილებული პარტიები, ე.წ. სატელიტები.
"პარტიები,, რომლებიც არ შემოუერთდებიან ამ დეკლარაციას და პრინციპულად განაცხადებენ შემოერთებაზე ნეგატიურ განწყობას, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ თავიანთ დამოუკიდებლობას და, მე ვფიქრობ, მათ ადამიანები აღიქვამენ როგორც სატელიტებს, ან როგორც სატელიტობის მსურველებს,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 26 ოპოზიციურმა პარტიამ საერთო დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ხმების დაცვას გულისხმობს.
დეკლარაციის ფარგლებში შექმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს ყველა ოლქში, მათ შორის იქ, სადაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს. მათ შორის, დარღვევებთან დაკავშირებული სავარაუდო რისკებიც.