11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში ორი დღის წინ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამას შვილი ორი დღის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სისტემატიურად ძალადობდა. შემზარავ ფაქტს სახალხო დამცველთან ერთად არასამთავრობო სექტორიც აფასებს.
"შემცირდა ფიზიკური ძალადობის გამოყენების შემთხვევები, თუმცა მის ხარჯზე გაიზარდა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები ბავშვებზე, რომელიც ასევე ძალიან მძიმე გავლენას ახდენს და სხვადასხვა ტიპის ტრავმებს აყენებს და სამწუხაროდ, ხშირად მივყავართ ასეთ ლეტალურ შემთხვევამდე.
საქართველოში პირველ სექტემბერს ძალაში შედის ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც კრძალავს ბავშვის მიმართ ნებისმიერი ძალადობის გამოყენებას ფიზიკურ დასჯას მათ შორის," - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების პასიურობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის ბრალია:
"ჩვენ არ გვაქვს 24 საათიანი ცხელი ხაზი, საღამოს 6 საათამდე მუშაობს, სად დარეკოს საზოგადოებამ. ჩვენ არ აღვადგინეთ ნდობა ლუკა სირაძის საქმის შემდეგ. რატომ გვგონია, რომ საზოგადოება ენდობა სახელმწიფოს. ის რომ საზოგადოება პასიურია, ეს არის სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის ბრალი და იმის ბრალი, რომ სახელმწიფოს რეალურად არ აქვს სერვისები, რომელსაც ჩართავს პრევენციისთვის," - განაცხადა ანა არგანაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი მაისიდან მუშაობს და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ აქტიურად იყვნენ ამ საკითხში ჩართული.
"ჩვენ მაისიდან, UNICEF-თან ერთად, ავამუშავეთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111, რომელიც არის უფასო და სრულად იქნება ანონიმურობა გარანტირებული ყველა ასეთ შემთხვევაზე, თუ იცით, თუ გსმენიათ ასეთი ფაქტის შესახებ, ძალიან გთხოვთ ყველამ მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ბავშვები, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, სახელმწიფოსაც და იმ საზოგადოებასაც, რომელმაც გულგრილად შეხედა ამ ამბავს,"- განაცხადა სოფო კილაძემ.
არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამა 28 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.