17 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" რუსეთისგან დაფინანსება თუ დადასტურდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთისგან "პატრიოტთა ალიანსის" შესაძლო დაფინანსების საკითხი შესაბამისმა უწყებებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ, რომ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს საკითხი "ქართული ოცნებისთვის" წითელი ხაზია. 

"ჩვენ ყოველთვის თანამიმდევრულნი ვიყავით და ყოველთვის ვამბობდით, რომ არანაირი თანამშრომლობა "ქართული ოცნების" მხრიდან არ განიხილება ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ, გამოხატავენ სიმპათიას ისეთ მტრულ სახელმწიფოსთან, როგორიცაა რუსეთი. ასევე, ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც არიან შენიღბული ფორმით რუსული ინტერესების გამტარებლები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია დღესაც იგივეა.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს: დაფინანსებასთან დაკავშირებით დაისვა კითხვის ნიშნები კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან. "ქართული ოცნება" ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ განსაკუთრებულ შესწავლას უნდა დაქვემდებარებოდა ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის ფინანსური ინტერესები და მათი წარმომავლობა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურდებოდა ხოლმე წინასაარჩევნოდ. შესაბამისად, ეს საკითხიც უნდა იყოს შესწავლის საგანი, შესაბამისმა უწყებებმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ, რომ შეკითხვები არ დარჩეს რაიმე ტიპის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურად, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება ეს დადასტურებული, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ჩვენთვის ყოველთვის იყო ეს წითელი ხაზი,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ანრი ოხანაშვილმა გაიხსენა "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას განცხადება, რომელიც, მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსთან" თანამშრომლობას განიხილავდა და აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება მისი აზრი ახლა, ამ საკითხთან დაკავშირებით. 

"მე ვსვამ შეკითხვას და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებასაც უნდა აინტერესებდეს - როგორ მოხდა, რომ გიგი უგულავა, ე.წ. პროდასავლური ჯგუფის წარმომადგენელი, სულ ცოტა ხნის წინ ხაზს უსვამდა იმას, რომ ის ყველა შემთხვევაში განიხილავს პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობას.

ჩვენ გვახსოვს გიგი უგულავას განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ "პატრიოტთა ალიანსთან" ისინი ითანამშრომლებენ და საინტერესოა საზოგადოებამ იცოდეს, დღეს რა პოზიცია აქვს უგულავას და მის პარტიას "პატრიოტთა ალიანსთან" თანამშრომლობაზე. მეორე, ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ "პრავდება", თუმცა, ამასთანავე ჩვენ გვახსოვს ირაკლი ოქრუაშვილის მხილება გიგი უგულავას მხრიდან, რომ ოქრუაშვილი შეეკრა რუსეთს,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ კითხვაზე განაცხადა, რომ ყველა ეს საკითხი შესაბამისმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ. 

შეგახსენებთ, რომ რუსული სააგენტო "დოსიე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვმა 8 მილიონი გამოყო წინასაარჩევნოდ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებისთვის. რუსული მედია წერს, რომ კრემლმა უკვე დაიქირავა ცნობილი პოლიტ და პიარ ტექნოლოგი სერგეი მიხეევი, იმისთვის, რომ ირმა ინაშვილის წინასაარჩევნო საარჩევნო კამპანიას გაუძღვეს. ინფორმაციის გამოძიების მოთხოვნით დღეს "ევროპულმა საქართველომ" გენერალურ პროკურატურას მიმართა.

დღის ამბები