რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვმა 8 მილიონი გამოყო წინასაარჩევნოდ, "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებისთვის, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო უწყებამ პარტიის დაფინანსების წყაროები გამოიძიოს.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფოდან და მით უმეტეს, რუსეთიდან, დაფინანსება პრობლემაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ იყოს ცარიელი ბრალდებები და დამტკიცდეს ის ბრალდება, ან ბრალდების უსაფუძვლობა, რომელიც გუშინ გახმოვანდა.
მე ვფიქრობ თავად "პატრიოტთა ალიანსიც" უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, ხოლო თუ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რა თქმა უნდა უნდა აწარმოებდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა მოქმედებას," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
"პრორუსული ორგანიზაციაა ლამის სპეცსამსახურის დონემდე დაყვანილი, ამის თაობაზე ყველამ იცის საქართველოში და რაიმე ახალი არ მომხდარა. ასეთი ორგანიზაციები პრორუსული, ექსტრემისტული, კაცთმოძულე ფინანსდება ფინანსდება მოსკოვიდან და პარალელურად, ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის სტრუქტურებიდანაც და მფარველობენ როგორც რუსეთის სპეცსამსახურები, ასევე ივანიშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, რუსულ საგამოძიებო სტატიაში წერია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები - "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი დაასახელა. "დოსიეს" ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.
რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია, სერგეი მიხეევიკავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, პრორუსული ძალების დასახმარებლად.
ინფორმაციის გამოძიების მოთხოვნით დღეს "ევროპულმა საქართველომ" გენერალურ პროკურატურას მიმართა.