17 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
მთავარია ამ კანონს როგორ და ვის მიმართ ასრულებენ - ოპოზიცია "ქართული ოცნების" ინიციატივაზე

ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის იმ ინციატივას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა დაცული არ არის, იმედი არ აქვთ რომ რაიმე ცვლილება იმუშავებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მთავარია "ქართული ოცნება" ვის მიმართ აღასრულებს ახალ კანონს.

"ამ ინიციატივაზე ითქმის ზუსტად, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო, უბრალოდ ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან უნდათ თეთრები და ფუმფულები გამოჩნდნენ. მთავარია ამ კანონს როგორ და ვის მიმართ ასრულებენ. რადგან აქამდე არცერთი შემთხვევა არ ყოფილა როდესაც "ქართული ოცნების" მიერ დაშინებული ან მოსყიდული პირი ყოფილიყო დასჯილი. გვახსოვს ჩვენ დიდი საქმეები, როგორიც არის კერძაიას საქმე თუმცა აქამდე არავინ დასჯილა,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ იქ, სადაც არ არის კანონის უზენაესობა შესაძლოა, ხელისუფლებამ ნებისმიერი ცვლილება ბოროტად გამოიყენოს. 

"შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ნაბიჯი იმისათვის გადაიდგა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩათვალონ "ქართული ოცნება" რაღაცას აკეთებს. თუმცა, სინამდვილეში შერჩევითი პოლიტიკის ფარგლებში შესაძლებელია, მსგავსი ჩანაწერები გამოყენებული იყოს ოპოზიციის წინააღმდეგ, ესეც არ შეიძლება რომ გამოირიცხოს. იქ, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით პოზიტიური ჩანდეს, საბოლოო ჯამში არ ვიცით როგორ იქნება ეს ბოროტად გამოყენებული ხელისუფლების მიერ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები