17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
არანაკლები საშიშროებაა ის ხალხი, რომლებიც დეკლარირებენ, რომ პროდასავლელები არიან და აკეთებენ რუსულ საქმეს - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსეთის სასარგებლო ქმედებებში ადანაშაულებს არა მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსს", არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. აღნიშნული განცხადება მამუკა მდინარაძემ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის თემასთან დაკავშირებით გააკეთა:

"ერთ შემთხვევაში თუ ჩვენ საქმე გვაქვს ღიად დეკლარირებულ პრორუსულ ძალებთან, მეორე შემთხვევაში არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს ის ხალხი, რომლებიც დეკლარირებენ რომ პროდასავლელები არიან, მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ამავე დროს აკეთებენ რუსულ საქმეს და ყოველთვის გავუხსენებ მათ, რუსებზე გაყიდულ სტრატეგიულ ობიექტებს, არ დავიზარებ გავუხსენებ რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირეს, სადაც ქართველ სამხედროებს ომიდან 2 თვეში ომის დაწყება დააბრალეს, მათ მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის, ოკუპანტი ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რა მივიღეთ სანაცვლოდ კაცმა არ იცის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა. ამ საკითხზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა "დღის კურიერში" ისაუბრა და განმარტა რომ ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.

დღის ამბები