ოპოზიციის ნაწილი "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. ამის მიზეზი ის საგამოძიებო მასალებია, რომელიც რუსულმა სააგენტო "დოსიემ" გაავრცელა. ამ მასალების მიხედვით, კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" აფინანსებს.
"ისტორიული ფაქტი არსებობს იმაზე, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებულ რუსეთის სპეცსამსახურს, რომელსაც შეუძლია აიღოს იარაღი და დაგვცხრილოს, თუ ასეთი მითითება იქნება მოსკოვიდან. ეს სამწუხარო რეალობაა და ვფიქრობ, ასეთი ძალები პოლიტიკაში არ უნდა ტრიალებდნენ," -აღნიშნავს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით კი, ამ ამბავს გამოძიება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.
რაც შეეხება "რესპუბლიკური პარტიის" პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისინი სრულიად ემხრობიან სხვა ოპოზიციური სპექტრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ "პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.
"რესპუბლიკური პარტია" მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას, რომელმაც ამასტან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. "პატრიოტთა ალიანსს" არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პირდაპირ გამოჩნდა, რომ ის ქვეყნის მტერთან თანამშრომლობს,"- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებაც არის შესული. პარალელურად ისმის კითხვები ირმა ინაშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტთან დაკავშირებითაც.