ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება დარღვეულია. ისნის საარჩევნო ოლქში, სადაც პოლიტიკურ პარტიები გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ და არსებობდა მოლაპარაკება, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სხვა ძალები კონკურენტს არ დაუყენებდნენ, "ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძეს ასახელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გააკეთეს, როგორც შეთანხმების მონაწილე პარტიებმა, ასევე იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ამავე მაჟორიტარულ ოლქში მანდატისთვის იბრძოლებენ.
"სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძე თავის დროზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, იქიდან გამოიქცა, შეუთანხმებლად პრემიერ-მინისტრობა მოინდომა და ვერ გამოცხვა მისი პრემიერ-მინისტრობა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეატყო, რომ გიორგი ვაშაძე მათ ექცეოდა არასწორად, იბირებდა მათ ამომრჩეველს და გადაწყვიტეს თავისი ხმების დაცვა. მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, საერთოდ ვურჩევ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ამ სულელურ შეთანხმებებს თავი დაანებონ, რაც კანდიდატების წაყენებას ეხება, ამომრჩეველი იმიტომ ჰყავს ყველას სხვადასხვა, რომ მათ სურთ სხვადასხვა კანდიდატების არჩევა," - აცხადებს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მოძრაობიდან "ტრიბუნა" დავით ჭიჭინაძე.
პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ლანა გალდავა აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობა ამ შეთანხმების მონაწილე ისედაც არ იყო, მთავარ კონკურენტად კი სახელისუფლებო კანდიდატს მიიჩნევს:
"ლელო საქართველოსთვის" არ ყოფილა იმ შეთანხმების მონაწილე, სადაც დასახელდა კანდიდატები კონკრეტულ ოლქებში, შესაბამისად ისნის საარჩევნო ოლქშიც. მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის ისანში, ჩემი მთავარი კონკურენტი გახლავთ "ქართული ოცნების" კანდიდატი, რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს მე მიმაჩნია, რომ ყველას ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი. ამ ეტაპზე პირველ რიგში განვიხილავ რომ მე გავიმარჯვო და მეორე რიგში რომ მე ვიქნები მეორე ტურში,"- განაცხადა ლანა გალდავამ.
პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მეტად შეუშლიან ერთმანეთს ხელს ლეიბორისტების ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიები, მით უფრო გათავისუფლდება მათგან პოლიტიკური ველი:
"ჩვენი კანდიდატი ისანში არის რამაზ ბუაშვილი, ის არის საუკეთესო კანდიდატი, ის არის ისნელი, ისანში მისი ცნობადობა არის მაღალი და გამოირჩევა თავისი ღირსებებით. ნაციონალური მოძრაობა რაც უფრო მალე გაქრება პოლიტიკური ორბიტიდან, მით უფრო კარგია ამ ქვეყნის სტაბილურობისთვის, აქედან გამომდინარე რაც უფრო მეტად ხელს შეუშლიან იმ ფანჩატურში თუ ნათელაშვილის ოფისში შეკრებილი პარტიები ერთმანეთს ხელს, მით უფრო კარგია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამგვარი პარტიები საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური ლანდშაფტიდან," - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.