ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტმა 2020-წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს, ამის შემდეგ კი, წინასაარჩევნო აგიტაცია, ორშაბათიდან უკვე ოფიციალურად, აქტიურ ფაზაში შევა, თუმცა ოპოზიცია უკვე საუბრობს, რომ ბრძოლა არათანაბარ და უსამართლო პირობებში მოუწევთ.
იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ და თანაბარ პირობებში ჩაიაროს, მესამე სექტორს ხელისუფლებასთან კონკრეტული რეკომენდაციები აქვს.
"ერთ-ერთი მთავარი საფრთხე არის ის, რომ ანტი-კრიზისული ნაბიჯები, რომელსაც დგამს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, არ იყოს აღქმული, როგორც პარტიული დახმარება. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება. შემდეგი საკითხი არის ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, რომლებსაც ხელისუფლება თავიანთ სასარგებლოდ იყენებს. ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხოლმე,"- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.
ოპოზიციური სპექტრის წინასწარი მოლოდინების საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებამდე ძალაში შევა კანონპროექტი, რომელის მიხედვითაც ამომრჩეველზე რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენა, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
"ეს არის "ქართული ოცნების" გუნდის ინიციატივა, რომლის მიზანია, მოხდეს პრევენცია იმაზე, რომ ვერავინ იქონიოს გავლენა ამომრჩეველზე ხმის მიცემის თვალსაზრისით. თუ სადმე მაინც დაფიქსირდება და იქნება ამის კონკრეტული ფაქტები, ამაზე უნდა დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კრიტიკა ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან, ააშკარავებს იმას, თუ ვის რა მიზნები აქვს არჩევნებისთვის," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
საქართველოს ახალ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის თანახმად, არჩევნები, ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს უნდა ჩატარდეს. ბოლო შაბათი კი 31 ოქტომბერია. ამის შემდეგ ჯი, უკვე ოფიციალურად, აქტიურ ფაზაში შევა წინასაარჩევნო კამპანია.