კახა ოქრიაშვილსა და "ძალა ერთობაშია - გაერთიანებულ ოპოზიციას" შორის მოსალოდნელ თანამშრომლობას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ყოფილი წევრის ხელისუფლების ოპონენტებთან თანამშრომლობას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში, განსაკუთრებით კრიტიკული იყო "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი პოლიტიკის ხორცმეტებად მოიხსენია:
"როდესაც ჩვენი ქვეყანა, პოლიტიკური სპექტრი უპირველესად პოლიტიკიდან მოიცილებს ისეთ ხორცმეტებს, როგორიც არის მეწამლე ოქრიაშვილი, გაუპარსავი ყაჩაღი ჩოჩელი, მერე დაიწყება საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება, მანამდე ვიქნებით ილუზიებში," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ვისთან ითანამშრომლებს თავად ენმ-ს გადასაწყვეტია, თუმცა როგორც ლევან თარხნიშვილი ამბობს, კახა ოქრიაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები მათ გუნდში ვერ იქნებიან.
"პოლიტიკაში ყველაფერი ხდება ხოლმე, შესაბამისად მოულოდნელი იყო თუ არ იყო, ცოტა სხვა ტერმინია, უბრალოდ ცოტა გასაკვირია, როდესაც აგვისტოს დასაწყისში ეწინააღმდეგები პროპორციულს და უცებ აღმოჩნდები აქ. ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენი პოზიცია ნათელია, ასეთი პოლიტიკოსები ვერ იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები,"- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობისა" და კახა ოქრიაშვილის თანამშრომლობას მარცხისთვის განწირულად აფასებს, ოქრიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი, "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი:
"ნებისმიერი ადამიანისთვის მოლაპარაკების დაწყება ნაციონალურ მოძრაობასთან ეს არის იმავდროულად გარანტია იმისა, რომ ისინი აღმოჩნდებიან პოლიტიკურ აუტსაიდერებში," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.