ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე ხელისუფლება სასჯელს ამკაცრებს. არჩევნებამდე 2 თვით ადრე, მმართველი გუნდი გამოვიდა ინიციატივით, ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს პირი, რომელიც ამომრჩეველს დააშინებს, აიძულებს და ხმის მიცემის ფარულობას დაარღვევს.
რაც მმართველი გუნდისთვის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ორმაგი სტანდარტია ოპოზიციისთვის. პოლიტიკურ ოპონენტებს "ქართული ოცნების" არც დაპირებების და არც ცვლილებების სჯერათ.
ახალი ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ცვლილებების პაკეტი ბიუროზე ხვალ გავა. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.