ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნო ის პასუხი, რომელიც პროკურატურისგან "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე მოუვიდა.
ელენე ხოშტარიას თქმით, პროკურატურის წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყებისთვის საფუძველი არ არსებობს და მათ მხოლოდ აუდიტის სამსახურს მიმართეს.
"დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო პროკურატურის ფორმალური და უპასუხისმგებლო პასუხის შესახებ, სადაც ისინი საუბრობენ, რომ თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს მხოლოდ აუდიტის სამსახურს. დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო - რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოვებული ადამიანები აძლევდნენ საქართველოში, არჩევნებში მონაწილე "პატრიოტთა ალიანსს". ამიტომ, კიდევ ერთხელ, დაჟინებით მივმართავ სუს-ს, პროკურატურას, ყველა იმ უწყებას, ვისაც ევალება ჩვენი სახელმწიფო, მოქალაქეები დაიცვან რუსული მტრული პოლიტიკისგან,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ელენე ხოშტარიამ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსულ მედიაში კრემლის მიერ საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ სკანდალური სტატია გამოქვეყნდა.