საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მნიშვნელოვნად აფასებს. როგორც რატი იონათამიშვილმა "დღის კურიერში" განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის მხარის არ დაჭერით, ოპოზიციას ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ სურს.
"ამ დისკუსიით, საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა გაარჩიოს, ვინ რა მიზნებით არის განწყობილი ამ არჩევნებზე. ვის სურს, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით და დემოკრატიულობით ჩატარდეს და ვის სურს პროვოკაცია და დესტრუქცია.
ოპოზიციის განცხადებები, რომ რაღაც ნორმები საარჩევნო კოდექსში აქამდეც არსებობდა, არის არაკომპეტენტური და ამას პირველი კურსის იურისტიც გეტყვის. სამართალწარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღსრულების კონკრეტული მექანიზმები და მტკიცებულების სტანდარტი უფრო მაღალი იყოს.
მნიშვნელოვანია, რომ რაღაცაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება, რაღაცას სჭირდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენა, რადგანაც ეს არის ფუნდამენტური უფლება. აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა.
დღეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების კომენტარები მოვისმინე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.