საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან განხორციელებულ კიბერშეტევას ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ გმობს.
კიბერთავდასხმას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შემადგენელი ნაწილია.
"უკანონო ქმედება, რომელიც ლუგარის ცენტრის მიმართ განხორციელდა, დეზინფორმაციული კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პანდემიის პირობებშიც კი ხორციელდებოდა. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე იყო მიტანილი შეტევა, რომელიც გამიზნულად განხორციელდა, რადგან ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ. არ მოგვერიდება იმისთვის სახელების დარქმევა, თუ ვინ და საიდან განახორციელა კიბერშეტევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა.
მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო.
კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.