17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
საარჩევნო პიკურ პერიოდში რუსული სპეცსამსახურები კიდევ უფრო გააქტიურდებიან - უსაფრთხოების ექსპერტი კიბერშეტევაზე

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პირველ სექტემბერს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემებზე კიბერთავდასხმა არჩევნებთან კავშირშია და ამის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დამფუძნებლისა და დირექტორის ლაშა პატარაიას შეფასებით, 31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, მსგავსი პროვოკაციები რუსული სპეცსამსახურების მხრიდან თანდათან გააქტიურდება.

"ეს შეტევა არ იყო მხოლოდ კიბერუსაფრთხოების კონტექსტში, ეს არ იყო მხოლოდ ინფორმაციის მოსაპარად ან გასანადგურებლად. ეს იყო კონკრეტულად იმისთვის, რომ მას დამატებოდა ყალბი ფრაგმენტები ინფორმაციის, გატანილიყო კიბერსივრცეში და შემდგომ მომხდარიყო არგუმენტირება იმ ნარატივის, რომელსაც რუსეთი ქმნის. რუსული სპეცსამსახურები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, აუცილებლად იქნება სახელმწიფო სამართალდამცავი სამსახურების მაქსიმალურად დისკრედიტაცია, საზოგადოებაში დაუცველობის, დაუსჯელობის, ნიჰილიზმის, ინდიფერენტულობის გაღვივება, რაც როგორც წესი არის მიზანი ზუსტად საარჩევნო პიკურ პერიოდში,"- აცხადებს ლაშა პატარაია.

საქართველო რუსეთის მხრიდან ამ ტიპის სამიზნე პირველად 2008 წლის 8 აგვისტოს გახდა. მაშინ ომის პარალელურად რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმა მოხდა სამთავრობო ვებგვერდებზე, ერთი დღის შემდეგ კი ეროვნული და რამდენიმე კერძოს ბანკის საიტზეც. ოკუპანტის მხრიდან ყველაზე მასშტაბური დანაშაულის სამიზნე კი ქვეყანა 2019 წლის ოქტომბერში გახდა, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მრავალი ასეული ვებ-გვერდი გაითიშა. ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო გამოძიების წევრებმა აშშ-მა და ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ დანაშაულის მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის შერყევა, გაურკვევლობის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებისათვის ზიანის მიყენება იყო.

დღის ამბები