17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა 19 ივნისთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც 2019 წლის 19 ივნისის მოვლენებზეა საუბარი, ოპოზიცია და მმართველი გუნდი სხვადასხვაგვარად აფასებენ. ოპოზიციაში თვლიან, რომ მიუღებელია სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის ეს ნაწილი, რადგან, 19 ივნისს პოლიციამ არათანაბარი ძალა გამოიყენა.

"ყველაზე პრობლემატური მაინც ის არის, რომ ამ მოვლენების გამოძიება არ მოხდა ობიექტურად. გამოძიება უნდა ჩატარებული ისე, რომ დაზარალებულებს სტატუსის მისაღებად სამართლებრივი პროცედურები არ დაჭირვებოდათ. ეს სტატუსი დღემდე არ აქვს მიღებული ბევრ იმ ადამიანს, ვინც დაზარალდა. პარლამენტი არის ძალიან დასუსტებული "ქართული ოცნების" ხელში და ის ძლიერი მექანიზმები, რაც ჩემ დროს პარლამენტს ჩვენ შევძინეთ, საკონტროლო ფუნქცია, ზედამხედველობის ფუნქცია, რაც მართლა იყო საამაყო, სამწუხაროდ ბოლო ერთი წლის დინამიკა არის პარლამენტის დამასუსტებელი,"- აცხადებს პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია.

"ვიცი და ვხედავდი, რომ ძალა იყო გამოყენებული არაპროპორციულად, იყო დამიზნებით სროლები უიარაღო ადამიანების მისამართით, ეს არ იყო პარლამენტის შენობის მხოლოდ დაცვა, ეს იყო გაცილებით მეტი, ბაღში რომ დასდევდნენ ხალხს, ეს იყო პროპორციული ძალა? ვინც არ უნდა დაწეროს ეს, ჩემთვის არის მიუღებელი,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშმა, 19 ივნისთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

"შეფასებები, რომელიც სპეკულაციის საგანი ხდებოდა ხოლმე, საბოლოოდ შეიძლება ითქვას წერტილი დაესვა, ვგულისხმობ შეტევას პარლამენტზე. არცერთ ქვეყანაში საპარლამენტო რესპუბლიკა არ იგულისხმება, რომ საკანონმდებლო ორგანოზე შეტევა არ დარჩება უპასუხოდ და რა თქმა უნდა ბუნებრივია, მათი პოზიცია, რომ კანონიერი იყო პოლიციის რეაგირება, რომელიც ძალადობრივი შეტევის შედეგად მათ განახორციელეს, ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ვიღებთ,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა, ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ზოგიერთებმა სერიოზული თვალის დაზიანებები მიიღეს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. პოლიციამ შეასრულა საკუთარი მოვალეობა წესრიგის დაცვის ვალდებულების კუთხით.

დღის ამბები