17 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა არ აპირებს და არც ქვეყანაა მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დაწესდეს:

"კარგად გვესმის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი დისკომფორტი შეიქმნა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული მიზანი, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენაზე უკვე აღარ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სწრაფ აღდგენაზე. ამიტომ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მძლავრი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა.

როდესაც ვამბობთ, რომ მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღდგენა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცებს, მაგალითად პირბადის ტარება აუცილებლად დახურულ სივრცეში და როგორც რეკომენდაციაა ღია სივრცეშიც სხვადასხვა ღონისძიებების დროს, დისტანციის დაცვა და პირადი ჰიგიენა. 

სამწუხაროდ პანდემია გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებას, იმისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა. ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ, ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის კლინიკური მართვის ნაწილში უნდა გადავიტანოთ ეკონომიკაზეც. ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მართვა იყოს ეფექტური. პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა როგორც ჩანს გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს და მე ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების ნაწილშიც ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ გვესმის, რომ ამ ნაბიჯებს ეყოლება უამრავი კრიტიკოსიც და მაქებარიც, მაგრამ ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები