პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ვალუტასაც. ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია რეგულაციების შემსუბუქება იმისთვის, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს. გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.
"გამოსავალი, ცალსახად, არ არის ინტერვენციები, გამოსავალი არის რამდენიმე, ერთ შემთხვევაში - მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ეს გარკვეულწილად დაეხმარება ინფლაციური პროცესების შეჩერებასაც, რომელიც საკმაოდ მაღალი გვაქვს. მეორე - მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადოს, დეფიციტური ხარჯვა არ მოახდინოს და მესამე გამოსავალია, რომ რაც შეიძლება მეტი დოლარი მოვიზიდოთ, ან ნაკლები დოლარი გავიდეს ქვეყნიდან. ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიანი პროცესით, ეს პროცესი არის რომ უნდა შემცირდეს გადასახადები, მოიხსნას რეგულაციები, საბანკო სექტორს უნდა მივცეთ მაქსიმალური თავისუფლება," - აცხადებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია, ბიზნესსექტორში არსებული განწყობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:
"მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი არ აჰყვეს ამ ტრენდს და კიდევ უფრო მეტად არ წაახალისოს ლარის გაუფასურება. ამასთან, მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა ოპერატიულად და აქტიურად იმოქმედოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი, კორონავირუსის ფაქტორის დაძლევის გარეშე საკმაოდ რთული იქნება ლარის სტაბილურობის შენარჩუნება, ამ ფონზე მიჭირს თქმა, რა იქნებოდა მთავრობის მხრიდან მიზანშეწონილი ნაბიჯები, აქტიურობა ცალსახად და ინვესტორების მოზიდვა", -განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.