"ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გააკრიტიკა, სადაც მმართველი პარტიის რამდენიმე ნაბიჯი უარყოფითადაა შეფასებული.
რატი იონათამიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ყოველთვის უსვამს ხაზს რომ პანდემიის პირობებში დაგეგმილი სოციალური ღონისძიებები მისი უშუალო ვალდებულებაა.
"რაც წავიკითხე, არაერთ მონაკვეთზე, ვიგრძენი, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან ანგარიშის ავტორები. პირველ რიგში, ანგარიშში განსაკუთრებულ პრობლემად არის მოხსენიებული ხელისუფლების ნაბიჯები პანდემიის პირობებში ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას. მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ ევროპარლამენტში კენჭი ეყარა ანგარიშს საქართველოს შესახებ, სადაც 552-მა ევროპარლამენტარმა დადებითად შეაფასა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები როგორც ვირუსის შეკავების, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების დროს და აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს აახლოებს ევროკავშირთან. ანუ, ის რაც ევროპის 552 პარლამენტარისთვის საქართველოს აახლოებს ევროკავშირთან, აღმოჩნდა, რომ ამ ანგარიშის ავტორებისთვის ყოფილა განსაკუთრებული პრობლემა.
ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ქმედებებზე, რომელსაც დგამს ჩვენი გუნდი, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებას აქვს საზოგადოების წინაშე და ჩვენთვის მთავარი ამოცანა ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვაა. მით უმეტეს, როდესაც პანდემიის პირობებში იქმნება ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებზეც რეაგირება დაუყოვნებლივ არის საჭირო და ამაზე ვრეაგირებთ, არ უნდა დარჩეს ობიექტურ მაყურებელს იმის განცდა, რომ ამ ანგარიშის ავტორებს სწყინთ.
დიახ, ჩვენი ვალდებულებაა სოციალური პროგრამების დაგეგმვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ამ გადაწყვეტილებას იღებენ არა პარტიული ადამიანები, არამედ ისინი, ვინც არიან ამ პარტიით არჩეულები მოსახლეობის მხრიდან პარლამენტში ან ის მთავრობა, რომელიც ამ პარლამენტმა დანიშნა. დიახ, "ქართული ოცნება" არის მმართველი გუნდი და მას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების წინაშე განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის მიმართ აქვთ მათ სიმპათიები.,"-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ანგარიშში, ასევე, მოხვდა რამდენიმე ფაქტი ოპოზიციური პარტიების შევიწროებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებულ კრიტიკასაც იონათამიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება.
"ამ ანგარიშში არის საუბარი, რომ გორში მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევა და მოქალაქემ ჩაამსხვრია მინები. შეგახსენებთ, რომ ეს მოქალაქე დააკავეს ცხელ კვალზე. დავსვათ კითხვა - თუ ხელისუფლება არ ახდენს მსგავს ფაქტებზე რეაგირებას, მაშინ უნდა ჩნდებოდეს კრიტიკა, მაგრამ თუ ახდენს, ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებების პრევენცია ხდება. აქედან გამომდინარე, ამ ანგარიშში ეს კრიტიკად კი არ უნდა იყოს შეფასებული, პირიქით - რადგან მოხდა რეაგირება და ადამიანი დააკავეს. როდესაც, პირიქით, ამბობ საყვედურს, ან არაგულწრფელი ხარ, ან არაკომპეტენტური, ან არ გაქვს ისეთი თემები, რომლითაც შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო და იგონებ, თხზავ ასეთ ისტორიებს.
როდესაც მსგავს ანგარიშს ვწერთ, იქ უნდა იყოს მოყვანილი ის ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ კონსტიტუციაში, საარჩევნო კოდექსში, როდესაც არანაირ ანალიზს ამ პროცესებზე არ ახდენ, ეს ძალიან უხერხული ფაქტია. ალბათ, არ სურდათ ოპოზიციის გაკრიტიკება და მმართველი პარტიის პოზიტიურად შეფასება,"-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მოყვანილ დარღვევებში "ქართული ოცნებაც" მოხვდა.