17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"ეს არის პირდაპირ ტყუილი" - დავით ბაქრაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" თანამდებობების შესახებ შეთავაზება მიიღეს

ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - მედია იმის გარკვევას ცდილობს, რა ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობდა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ შეთავაზებაში იყო საერთო სიის ფორმირება და კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებზე. ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს უარყოფს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" სამომავლო თანამდებობების შესახებ შეთავაზება მიიღეს.

"ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე უარყოფითი შეფასება მოჰყვა ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ერთიანი სია ნიშნავს ხელშეწყობას იმ პოლარიზაციის, რომელიც დღეს ისედაც პრობლემაა საქართველოში. 

რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი, არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არ ყოფილა და არც მივიღებდით, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. "ევროპული საქართველო" ვერ ხედავს ვერანაირ პერსპექტივას, რომ მოახლოებულ არჩევნებზე სცადოს ის, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გუნდის დაშლით დასრულდა. 

დღის ამბები