17 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
დაპირისპირება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - მორიგი ურთიერთბრალდებები "ქართული ოცნებისა" და ენმ-ის მხარდამჭერებს შორის

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ​საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ, "ნაციონალურ მოძრაობა" აქციას მართავდა. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომლებიც აქციას მართავდნენ, მათ მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ქველაძე კი საუბნო კომისიაში შეიჭრა და "ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

"ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მოვიდნენ, უნდოდათ აქცია ჩაეტარებინათ და მათი მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩვენს მიმართ, "ქართული ოცნების" მიმართ. შემდგომ გავიგე, რომ მათი წარმომადგენელი ლაშა ქველაძე შევარდა შიგნით და ჩვენს წარმომადგენელს დაარტყა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაიკა აქვს შემოხეული,“ - ამბობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. 

განსხვავებული ვერსია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მათი თქმით, დაპირისპირება "ქართული ოცნების" მხრიდან იყო პროვოცირებული. აქციის მონაწილეების მტკიცებით, "ქართული ოცნების“ წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

"საოლქო კომისიიდან გამოვედი, ვარ ოლქის წევრი და "ოცნების" შტაბიდან გადმოვიდა ერთ-ერთი დამხმარე პერსონალი და იგინებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა პირადად მე და აქ დამსწრე საზოგადოებასაც,“ - ამბობს ენმ-ის მხარდამჭერი. 

დღის ამბები