17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
დაპირისპირება მარნეულში - ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ 

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა. საუბნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები უკვე აირჩიეს. თუმცა, ამას წინ დაპირისპირება და ხმაური უძღოდა. ოპოზიციის და მმართველი ძალის წარმომადგენლები პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია", აზერ სულეიმანოვი მომხდარ ინციდენტს 90-იანი წლების საქართველოს ადარებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი პოლიტიკური ოპონენტების დევნაა. 

"საქართველოში დაბრუნდა 90-იანი წლები. ოცნების 8 წლიანი მუშაობის წესია გინება, ლანძღვა და პოლიტიკური ოპონენტების დანგრევა. არ ვიცი მიზანი რა არის, რატომ აკეთებენ ამას. ესენი არიან დამნაშავე ხალხი, 8 წელი მუშაობენ ესე, მარტო მარნეულში კი არა, მთელს საქართველოში,“ - ამბობს პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ძალა ერთობაშია” აზერ სულეიმანოვი.

პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ზაურ დარგალი კი ამბობს, რომ პროვოკაციების მოწყობა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ინტერესშია. 

"ვისაც აწყობს პროვოკაციები, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, იქიდან გამომდინარე, რომ იციან წაგებული აქვთ მარნეულში და არა მარტო მარნეულში, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები და აქედან გამომდინარე, ყველაფერს იყენებენ, რომ პატარა პროვოკაცია მოაწყონ. სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ კიდევ ერთი მაგალითი ამ პროვოკაციის, რომელიც მარნეულში მოხდა და როგორც ყოველთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თავის სტილში აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას,“ - აცხადებს  ზაურ დარგალი

მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. 

 

 

დღის ამბები