31 ოქტომბერს ამომრჩეველი საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობით დააკომპლექტებს. მე-10 მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად 52 საარჩევნო სუბიექტი იბრძოლებს. მათგან მხოლოდ 2-ია ისეთი პარტია, რომელიც პარლამენტში დარჩენისთვის იბრძვის. "ნაციონალური მოძრაობა" კი მოახლოებულ არჩევნებზე ბლოკის სახით არის წარმოდგენილი. პარტიებმა უკვე წარმოადგინეს საკუთარი პროგრამები, თუმცა ყველაზე მეტი კრიტიკა ოპონენტებისგან დაიმსახურა "ქართულმა ოცნებამ", როგორც მთავარმა კონკურენტმა.
"როცა ბატონი ბიძინა საუბრობდა მხოლოდ წარსულზე და არაფერია იმაზე თუ რა გაკეთდება მომავალში, რატომ გვავიწყდება ის, როგორი იყო ლარის კურსი 2012 წელს და როგორია დღეს. პენსია 2012 წელს იყო 140 ლარი, მართალია ბატონი ბიძინა, მაშინდელი კურსით იყო 65 დოლარი, დღეს ასევე მართალია ბატონი ბიძინა იმაში, რომ 220 ლარია, მაგრამ ეს არის დღეს 69 დოლარი. საერთაშორისო სტანდარტებით დათვლილი უმუშევრობა დღეს საქართველოში არის 40%. ინვესტიციები 5-ჯერ ნაკლები," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა კრიზისიდან გამოსავალზე უნდა საუბრობდეს და არა იმაზე, თუ რა იყო 8 წლის წინ:
"ადრე "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი იძლეოდნენ დაპირებებს და არ ასრულებდნენ, ახლა დაპირებებსაც აღარ იძლევიან. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი დაგეგმილი პროგრამული ნაბიჯი ან ზრუნვა იმაზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან. პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი სწორედ ამაზე უნდა საუბრობდეს და არა იმაზე, 8 წლის წინ რა იყო და როგორ გაანიავეს ეს 8 წელი მმართველობის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.