"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და პრიორიტეტების პრეზენტაციას 2 საათიანი ღონისძიება მიუძღვნა, თითოეული მიმართულება მინისტრებმა ინდივიდუალურად წარადგინეს, საღამო კი პარტიის თავმჯდომარემ ვრცელი გამოსვლით გახსნა.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვაში საკმაო დრო დაეთმო წინა ხელისუფლების კრიტიკას და 8 წლიანი ანგარიშის დროს ბევრი შედარებაც გაკეთდა - რა ვითარება იყო 8 წლის წინ და რა მდგომარეობაა ახლა.
მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მალევე მოჰყვა.
წარსულზე გააკეთეს აქცენტი დღეს ოპოზიციაშიც, თუმცა სულ სხვა კონტექსტში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის თქმით, ის, რომ პენსიები და ხელფასები გაიზარდა, მიღწევად ვერ ჩაითვლება.
პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მთავარი - მმართველმა გუნდმა პრეზენტაციის დროს ეკონომიკის გაძლიერება დაასახელა.
პრეზენტაციის შემდეგ მმართველი პარტია რეგიონებში გასვლას და საარჩევნო პროგრამის მოსახლეობისთვის გაცნობას უახლოეს დღეებში გეგმავს.