17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
საქართველოს პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით გამართლებული და სწორი იყო - მამუკა არეშიძე ყარაბაღის კონფლიქტზე

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი თვეზე მეტი გაგრძელდება, შესაძლოა, კონფლიქტმა ეკონომიკური კატასტროფა და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.

"იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი ერთი თვე გაგრძელდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პროცესები შესაძლოა ხელში ვეღარ დაიჭირონ. აზერბაიჯანის საელჩოს გარდა მსგავსი შინაარსის განცხადება სომხეთის საელჩომაც გააკეთა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის გარანტი ვერავინ იქნება.

დღეს აზერბაიჯანი, ჯერჯერობით, ისეთ სივრცეებს იკავებს, რომელიც თავისუფალია და თუ დაბომბვას არ ჩავთვლით, სამოქალაქო პირებთან შეხება არ ჰქონიათ.

თუ გაჩნდა ჩვეულებრივი მოსახლეობის შევიწროების გარემოებები, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. 

არსებობს ხიფათები საქართველოსთვის, ეკონომიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული გამოწვევა, მცდელობა ერთმანეთის კომუნიკაციების დაზიანების, მოგეხსენებათ, რომ სომხეთ-რუსეთის ენერგოკორიდორი საქართველოზე გადის.

რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ეს მდგომარეობა და ვითომ სომხეთის დასახმარებლად მოინდომოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების შექმნა.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით, გამართლებული და სწორი იყო. თუმცა, რასაკვირველია, თბილისი ვერ გახდება სამშვიდობო პლატფორმა, რადგან ამას რუსეთი არ დაუშვებს. რუსეთის ამოცანა უნდა ვიცოდეთ ღიად - ერთის მხრივ ის არ დაუშვებს სხვის გაძლიერებას, მათ უნდათ, რომ მათი სამშვიდოებოების იქ ყოფნა ლოგიკური გახდეს და გარდა ამისა, უნდათ, რომ რეგიონის მთლიანი სამხედრო კონტროლი მოხდეს, აქედან გამომდინარე ყველაფერის გაკეთებას შეეცდება,"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

დღის ამბები