17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
დავაყენე ულტიმატუმი - ან მიიღებდნენ განაცხადს და გაათავისუფლებდნენ, ან დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი აქცია - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მერიასთან დაკავებული მისი პარტიის წევრები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ფართომასშტაბიანი აქცია და ქუჩის გადაკეტვა დააანონსა.  

მისივე თქმით, მერიამ ის განცხადებაც მიიღო, რომელიც "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" ჯარიმების გამოწერის გაპროტესტებას ეხებოდა. 

"ჩვენ ვითხოვთ საბანკო სესხებზე პროცენტის დაწევას და უსამართლოდ მაღალი, 36%-იანი სესხის ჩამოწერას პენსიონერებისთვის, რაზეც მათ აბსოლუტურად უკანონოდ, 100 000-მდე ჯარიმა გამოუწერეს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას. გუშინაც დაგვაჯარიმეს 10 000 ლარით, იმიტომ, რომ ვითხოვთ სესხის პროცენტის შემცირებას. ჩემი მოსვლის შემდეგ კონკრეტული ულტიმატუმი დავუყენე - ან მიიღებდნენ განაცხადს და გაათავისუფლებდნენ, ან დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი აქცია და გადაიკეტებოდა გზები. ამ წუთისთვის გათავისუფლებულია ოთხივე დაკავებული და განაცხადი ჩაბარებულია მერიაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, მერიასთან აქციაზე გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ.

შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს პარტიის 4 წევრი, მათ შორის, პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი პაატა მანჯგალაძეც.

ამ ეტაპზე ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

დღის ამბები