17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
პოლიციის მაღალჩინოსნები გამოირჩეოდნენ აგრესიით, დააპირეს პარტიის ერთ-ერთი წევრის დაკავება და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა - პაატა მანჯგალაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები, რომლებიც მერიასთან აქციის დროს დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. 

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, აქცია მშვიდობიანი იყო, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსნები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

"ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს სესხის პროცენტის განახევრებაზე, კამპანიის ნაწილია და ნამდვილად ვაპირებთ ამის გაკეთებას, პენსიონერებისთვის სესხის ჩამოწერაზე და იმ ხალხს, ვინც ამას ემსახურება, აჯარიმებს თბილისის მერია. სწორედ ამიტომ გავმართეთ მშვიდობიანი აქცია თბილისის მერიის წინ. პოლიციის მაღალჩინოსნები გამოირჩეოდნენ აგრესიით, დააპირეს ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის დაკავება და ამას მოჰყვა ეს შეხლა-შემოხლა,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

ერთ-ერთი დაკავებულის განცხადებით, მას განუმარტეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დააკავეს, თუმცა მისი მხრიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა. 

"დამაკავეს, გადაგვიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში კახეთის გზატკეცილზე, განმიმარტეს, რომ 173-ე მუხით ვიყავი დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ნიშნავს, თუმცა, ჩემთვის იქ არავის მოუწოდებია რას ვარღვევდი, არანაირი მოწოდება არ ყოფილა,"- განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, მერიასთან გამართულ აქციაზე გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ.

შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის პარტიის 4 წევრი დააკავეს, მათ შორის პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი პაატა მანჯგალაძეც.

ამ ეტაპზე, ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

დღის ამბები