საქართველოში დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესმდივნის შეფასებას, უმრავლესობის წევრი ეხმაურება. გიორგი ვოლსკის თქმით, ვენეციის კომისიას გაცემული აქვს გარკვეულ საკითხებზე რეკომენდაცია, რომელიც ქართულმა მხარემ არ შეასრულა.
"არის რაღაც ნიუანსები, რომელიც არ არის ბოლომდე გათვალისწინებული და ვენეციის კომისიას ასეთი აზრი აქვს. მას რეკომენდაცია აქვს გაცემული გარკვეულ ნიუანსებზე, რომელიც არ შეასრულა ქართულმა მხარემ და იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგი პარლამენტი ამ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებს. მე დრამატიზებას ამ ვითარების არ მოვახდენდი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს უჩვენებს. თუ იქ რაღაც საკითხები მოსაგვარებელია, ალბათ ვენეციის კომისიასთან მეტი კონსულტაცია გვმართებს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
"ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო სასესიო დღის ჩათვლით ველოდით ვენეციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნას. მათ გვითხრეს ასევე წინასწარ, რომ მხოლოდ ოქტომბრის შეხვედრაზე შეძლებდა ვენეციის კომისია ამ დასკვნის და რეკომენდაციების დამტკიცებას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, განცხადებაში გამოთქმულია სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას ამ კანონპროექტზე. იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მოელის არჩევის წესების განხილვის გაგრძელებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პერსპექტივაში.