ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს, პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და მის დასრულებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. ფართი თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდმა "ქართუმ" გუშინ გადასცა.
თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის.
"ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ გამწვანებით ეკოლოგიურ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რამდენიმე ათეულ მილიონს ფონდი "ქართუ" გადაიხდის,"- განაცხადა კახა კალაძემ.
ფონდ ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ იპოდრომის პროექტი ყველას მისცემს დასვენების შესაძლებლობას.
"ბოლო 25 წლის მანძილზე ფონდმა სამ მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა. ეს იქნება მულტიფუნქციური პარკი, რომელიც ყველას მისცემს შესაძლებლობას დაისვენოს და ბუნებით დატკბეს,"- განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანი.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები, რომელიც იპოდრომთან დაკავშირებით კეთდება არის კონტრპროდუქტიული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იპოდრომზე ის ხალხი საუბრობს, რომლებმაც ტერიტორიები გაყიდეს და გაასხვისეს.
"ეს ის ხალხია, რომელმაც საზოგადოებრივი სივრცეები გაყიდა და გაასხვისა. ივანიშვილმა ეს ყველაფერი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ნაციონალების ტაქტიკა სწორედ ეს არის, სადაც მეტი ბრალი მიუძღვით, იქ ყველაზე მეტს ყვირიან,"- განაცხადა არჩილ თალკავაძემ.