საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესმდივნის შეფასებაზე საქართველოში დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება დასავლელი პარტნიორებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის და კლანის კონტროლის ქვეშ. ამ ნაბიჯების გადადგმის დროს, ისინი არად დაგვიდევენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს. არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს, არც ამერიკის კონგრესს. სწორედ ამიტომაა მათ შორის, რომ ბოლო განმავლობაში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მისამართით ჩვენი პარტნიორების მხრიდან," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას, არ შეიძლება უგულებელყოფას უკეთებდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
"იმ ფონზე, როდესაც დღეს ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათი ამოცანა არის თურმე ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი განაცხადი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ქართული ოცნება ამ საკითხზეც ურცხვად იტყუება და ატყუებს ქართველ ხალხს. იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც გეგმას ევროკავშირში შემდგომ ინტეგრაციას, არ შეიძლება უგულებელყოფას უკეთებდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ეს შეახსენეს დღეს საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელიდან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ რეკომენდაციების უგულებელყოფა ნდობის დაზიანებას იწვევს.
"მთლიანობაში ეს უპატივცემულო დამოკიდებულება და ძალიან გაუაზრებელი ქმედება ქართული ოცნების მხრიდან, იწვევს ერთის მხრივ ნდობის კიდევ უფრო მეტად დაზიანებას მართლმსაჯულების და საერთაშორისო პარტნიორების იმედგაცრუებას," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, განცხადებაში გამოთქმულია სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას ამ კანონპროექტზე. იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მოელის არჩევის წესების განხილვის გაგრძელებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პერსპექტივაში.