საქართველოში დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესმდივნის შეფასებას გამოხმაურება ოპოზიციურ სპექტრშიც მოჰყვა.
ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მკაცრ გზავნილს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უგულვებელყო.
"გასაგებია ქართველი ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა. ნორმალურ დიპლომატიურ ენაზე გველაპარაკებიან. ევროკავშირი, ცხადია არ დაგვბომბავს, თუმცა დიპლომატიურ ენაზე რაც ხდება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ამას სწორედ ბომბარდირება ჰქვია," - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის თქმით, გზავნილი მიუთითებს, რომ ცივილიზებული სამყაროსთვის მთლიანად ივანიშვილის რეჟიმი მიუღებელია.
"გზავნილი მიუთითებს იმაზე, რომ თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროსთვის ივანიშვილის რეჟიმი სასმართლო ხელისუფლებიანად მიუღებელი, დასაგმობი და ჩამოსაგდებია. საუბედუროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება, როგორც ასეთი, არ არსებობს, ის მოისპო. ეს რეფორმა არის ახლიდან გასაკეთებელი, ხოლო ყველა მუდმივად დანიშნული მურუსიძეები და მიროტაძეები და სხვა სამარცხვინო მოსამართლეები იქნებიან წიხლისკვირთ გაყრილი სისტემიდან რამდენიმე კვირაში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოძრაობა ”ხალხისთვის” თავმჯდომარის ანა დოლიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედება წვრილმან თაღლითობაა, რომელიც ევროკავშირს შეუმჩნეველი ვერ დარჩება.
"როდესაც ერთი მხრივ ითხოვ რეკომენდაციებს, დითირამბებს უგზავნი, რომ გაითვალისწინებ ამ რეკომენდაციებს, გინდა ევროკავშირის წევრობა და მეორეს მხრივ, საერთოდ არ გაინტერესებს ეს რეკომენდაციები ისე, რომ პირდაპირ გაგაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, ეს ურთიერთწინააღმდეგობა არის წვრილმანი თაღლითობა, რომელიც შეუმჩნეველი ვერანაირად ვერ დარჩება ევროკავშირს," - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეფასება გააკეთა ასევე პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
"მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა სასამართლოს რეფორმა გაეყიდა, როგორც წარმატებულად, ჩვენ ვხედავთ, რომ პარტნიორები ამ რეფორმას ახარვეზებენ და აკრიტიკებენ იმას, რომ არ მოხდა 30 სექტემბრის პარლამენტის სხდომის მიერ დალოდება ვენეციის კომისიის დასკვნების და დაჩქარებულად გატარდა ეს ყველაფერი და მთავარი პრობლემაა ის, რომ ასეთი ტიპის სასამართლოს არ აქვს მოსახლეობის ნდობა," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.