17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
აჭარაში ვირუსის გავრცელება სტაბილიზაციის ნიშნულს უახლოვდება - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი აქცენტი აჭარისკენ არის მიმართული. თამარ გაბუნია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში სამედიცინო პერსონალს სათანადო ხელშეწყობა ჰქონდეს, რათა სამედიცინო პრაქტიკა ხარისხიანად იქნას განხორციელებული.

მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარაში ეპიდემიის ლოკალიზებული გავრცელება იკვეთება, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ვირუსის გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება.

"ბათუმში დღეს რაც მიმდინარეობს, ეს არის ის შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც დაახლოებით 10 დღეა რაც დაიწყო და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ეფექტი უნდა დავინახოთ დაახლოებთ ერთ კვირაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება მოსახლეობამ გააგრძელოს და გააუმჯობესოს, ისე როგორც ეს საჭიროა,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

თამარ გაბუნია ამბობს რომ შეზღუდვებს დაწესებიდან დაახლოებით ორი კვირა უნდა გავიდეს, რათა შედეგი გამოჩნდეს.  მისი თქმით, ამ ეტაპზე, იკვეთება გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რეგიონში ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის.

"ვფიქრობთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო  მკვეთრად გამოიკვეთება ის სურათი, თუ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს აჭარაში. ერთ კვირაში გამოჩნდება ის, თუ რამდენად სტაბილიზაცია მოხერხდა კონტროლის იმ ზომებით, რომელიც აქამდე ხორციელდება.

ამ ზომების შედეგად კარგი იქნება, თუ ჩვენ მოვახერხებთ სტაბილიზაციას, ანუ შეკავებას და ზრდა აღარ გვექნება. შემდეგ უკვე ერთი კვირის შემდეგ თუ მივიღეთ სტაბილიზაცია, შესაძლოა, ვიფიქროთ დაღმასვლაზე. კარგია ის, რომ უკვე ვაკვირდებით გამოჯანმრთელებულების რაოდენობის ზრდას ინფიცირებულების რაოდენობასთან მიმართებაში. ეს არის გარკვეულწილად მაჩვენებელი იმისა, რომ ეპიდემია უახლოვდება სტაბილიზაციის ნიშნულს,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

დღის ამბები