როგორ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების დღეს 31 ოქრომბერს საკარანტინე სივრცეებსა და კლინიკებში იქნებიან - ამ საკითხზე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმსჯელეს, სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა
"ბევრი გამოწვევაა, დაწყებული უსაფრთხოებით, დასრულებული კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა, ასეთ უბნებზე ერთი დღით ადრე ჩატარდეს კენჭისყრა, როგორ მოხდება ხმების დათვლა. რეალურად, ბევრი საკითხია, რომელიც ღიაა ამ ეტაპისთვის და ეს არ არის მხოლოდ კომისიასთან დაკავშირებული საკითხი, ეს უკავშირდება დამკვირვებლებს, პარტიების წარმომადგენლებს, ყველა იმ პირს, ვისაც კანონიერი უფლება აქვს, იყოს უბანზე წარმოდგენილი,"-აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.
"ვიმსჯელეთ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, როგორც კარანტინში მყოფი, ასევე ინფიცირებული პირების შესახებ. იქაც შეიძლება ბევრი დიფერენცირება იყოს, ზოგი სტაციონარში მკურნალობს, ზოგიც სასტუმროში და გაბნეულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათთვის ოდნავ განსხვავებული რეგულაციები შეიძლება იყოს. ზოგიერთისთვის, ალბათ, გაიხსნება სპეცუბანი, ზოგიერთ შემთხვევაში, გადასატანი ყუთის მეშვეობით მოხდება ხმის მიცემა,"-განმარტავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.
"არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, ყველა მიმართულებით შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მიმართულებები, რომელიც, ერთის მხრივ, მოახდენს საკონსტიტუციო უფლების გამოყენების უზრუნველყოფას მაქსიმალურად, როგორც კი ეს შესაძლებელია და მეორეს მხრივ, იქნება უსაფრთხოების ზომები დაცული. ამ მხრივ კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ამ საკითხების განსახილველად,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.