"ქართულ ოცნებას" სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან 118-მა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან - 60 ათას ლარამდე გაიღო.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მმართველ პარტიას თანხა სულ 549-მა სუბიექტმა ჩაურიცხა.
ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება პოლიტიკურ გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" აქვს. მას სექტემბრის თვეში 1 312 590,51 ლარი შესწირეს.
ოპოზიციურ პარტიებს შორის შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის შემოწირულობამ სექტემბერში 1 172 837 ლარი შეადგინა.
მესამე ადგილზეა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც გასულ თვეს 665 400 ლარი ჩაურიცხეს. "ევროპული საქართველოს" სექტემბრის თვის შემოწირულობამ კი 408 031,3 ლარი შეადგინა.