საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზირებას არ მიესალმებიან და მიუღებლად მიაჩნიათ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 24 სექტემბერს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის ფაქტი. სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ დავით ზალკალიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას გადასცა ახალი კარტოგრაფიული მასალები. დღეს მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახალი გარემოებები და მიმდინარე გამოძიება ხელს ვერ შეუშლის და არ დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
"ხდება საკითხის პოლიტიზაცია, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ბმა მიმდინარე ესკალაციასთან, რომელიც მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან კარგად შევახსენო, რომ ჩვენი ვიზიტი-შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს - ეს არის ის პერიოდი, როდესაც კონფრონტაცია ან დაპირისპირება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არ მიმდინარეობდა. ეს პროცესი დაიწყო შემდეგ, 27 სექტემბერს. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საკითხის პოლიტიზირების მცდელობა," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელია.
"ქართულ მიწა-წყალზე ვსაუბრობთ, ჩემთვის არის ეს ყველაზე პრიორიტეტული, არც პარტიულობა მაინტერესებს ამ შემთხვევაში, ჩემი ქვეყნის ინტერესები არის.
არჩევნები გვაქვს ჩვენ ყოველ წელს, როდესაც საუბარი არის, რომ კომისიამ ეს ახალი რუკები აღმოაჩინა, დაადგინა და კონკრეტული ფაქტები გამოვლინდა, რომელიც საფუძველს აძლევს პროკურატურას, გამოძიება დაიწყოს; იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, არ უნდა დაიწყოს? ნებისმიერი წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლება, ჩვენ ვსაუბრობთ აქ ყველაზე წმინდაზე, რისთვისაც ვიბრძვით საუკუნეები, ეს არის ქართული მიწა-წყალი. არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება," – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია კი ამბობს, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება უპასუხისმგებლობაა.
"ამ საკითხის პოლიტიზირება, რბილად რომ ვთქვათ, არის უპასუხისმგებლობა იმდენად, რამდენადაც მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს დეტალები თუ რატომ, რისთვის, რა მოტივით ხდებოდა კონკრეტული ქმედებები ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და რა თქმა უნდა, ამ საკითხის პოლიტიზირება არის დაუშვებელი," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.