აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოდის, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
"თბილისო, ჩამოვდივარ შენს სანახავად. ხვალ 17:50 ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნები. საქართველოს პროკურატურაში დაბარებული ვარ დასაკითხად. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არ შემექმნება რაიმე სახის დაბრკოლება,"- წერს აფგან მუხთარლი.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი ილჰამ ალიევის ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებდა და ამის გამო ის გარკვეული პერიოდი თბილისში ცხოვრობდა. 2017 წელს ის თბილისიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. აფგან მუხთარლი მისი გატაცების ხელშეწყობაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.