17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
კანონპროექტის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი - ირაკლი კობახიძე

ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" დამტკიცებული კანონის ხარვეზებსა და სწორ მიმართულებებზე საკუთარ მოსაზრებას ასაჯაროებს.

​საერთაშორისო ორგანიზაცია 7-გვერდიან დოკუმენტში მთავარ პრობლემად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მათივე შეფასებით, საკონსულტაციო საბჭო გვიან ჩაერთო პროცესში, რადგან მომზადებული პროექტი მათ გვიან გადაუგზავნეს.

"კომისიას ჰქონდა სურვილი, დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა, იმის გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ჰქონდა ძალიან ლიმიტირებული დრო და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროექტი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში," - წერია განცხადებაში.

აქვე, საუბარია კანონპროექტის იმ მიმართულებებზეც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებულია. ერთ-ერთ მაგალითად კი მოყვანილია ის, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დროს კენჭისყრა არის ფარული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი ვალდებული იყო, აღნიშნული კანონპროექტი მიეღო. კობახიძის თქმით, მასში ასახულია სამი ძირითადი რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიამ გამოსცა.

"მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამთავრებდა მუშაობას იმ დღეს, რომელ დღესაც დაამთავრა. აქედან გამომდინარე, სხვა შანსი, რომ ამ მოწვევის პარლამენტს მიეღო ეს კანონი, არ არსებობდა და ამ კანონის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. 

ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ასახული ის პროგრესი, რომელიც განხორციელდა სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. იყო სამი ფუნდამენტური რეკომენდაცია და სამივე რეკომენდაცია არის სათანადოდ ასახული მიერ მიღებულ კანონპროექტში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო დადებითად იქნება შეფასებული. 

"ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ის ცვლილებები, რომელიც სამი მოსმენით საშემოდგომო სესიის ბოლოს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში. ცხადია, თქვენ იცით, რომ ბოლო სასესიო დღეს მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ვიყავით ვალდებულები, რომ ეს აგვესახა უკვე და ამაზე გვეყარა კენჭი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის ცვლილებები, რომელიც მივიღეთ, დადებითად იქნება შეფასებული," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. 

 

 

დღის ამბები