"კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებულებს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მხარდაჭერას აქციით გამოუცხადებს. შეკრება, დაახლოებით, ორ საათში პარლამენტთან დაიწყება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პროკურატურის გამოძიებას სიმართლის დაგდენასთან კავშირი არ აქვს და ეს არის წინასაარჩევნო მანიპულაცია.
"ეს კარტოგრაფების საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ იურიდიულ საკითხებთან და სიმართლის დადგენასთან. ეს არის, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე და ის, რომ ეს ინფორმაცია ვითომ დამალული რუკის შესახებ ან სხვა რუკის შესახებ ცნობილი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლების პირველი პირებისთვის, მათ შორის, მინისტრებისთვის, კიდევ ერთი დასტურია ამისა.
ეს ადამიანები, რომლებიც დააკავეს, არიან ჩვეულებრივი ტუსაღები, რომელთა გამოყენებაც უნდათ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სენსიტიური თემით მანიპულირებას ცდილობს.
"მცდელობა არის, რომ ყველაზე მგრძნობიარე საკითხი, რაც ქართველებს გვაქვს, ამით მოახდინონ მანიპულაცია წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ამ ფორმით ცდილობს, რომ აჩვენოს ქართულ საზოგადოებას ის, რომ დავით გარეჯის საქმე გაყიდულია. ვფიქრობ, რომ პროკურატურის ნდობა არ აქვს არც საზოგადოებას, არც ჩვენს პარტნიორებს,"-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე კი აღნიშნავს, რომ არანაირი აქტი არ არსებობს იმისა, რომ საქართველომ დავით გარეჯი დათმო.
"არანაირი აქტი იმისა, რომ საქართველომ რამე დათმო და, მით უმეტეს, დავით გარეჯის მონაკვეთზე, ბუნებაში არ არსებობს. ეს ტერიტორია არის სადავო და არავითარ შემთხვევაში არცერთი ხელისუფლება არ დათმობს ამ ტერიტორიას. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, მაგრამ დიპლომატიურად გავაგრძელებთ დავას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტერიტორია დარჩება საქართველოს საზღვრებში, უკვე დამტკიცებულში, რომელსაც ხელს მოაწერს ორი მხარე,"- განაცხადა გია ბარამიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.