ბოლო წლებში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობა მთავარ გამოწვევად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს.
ოჯახების სიღარიბიდან ამოყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ახალ საარჩევნო სეზონზე ახალი დაპირებებით ხვდებიან. ზოგი პარტიისთვის ეს გზა საწარმოო ინდუსტრიული პარკების მშენებლობაზე გადის, ზოგისთვის საინვესტიციო ბიზნესგარემოს სტაბილურობაზე, ზოგისთვის - აგრობიზნესის გაძლიერებაზე, სამთავრობო ხარჯების შემცირებასა, თუ ბიზნესების მონოპოლიის შეზღუდვაზე.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ მათი რვაწლიანი მმართველობის დროს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მათი თქმით, განაგრძობენ უკვე არსებულ პროექტებს, დაეხმარებიან პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას და ბიზენსის ხელშეწყობის პროექტებს განაგრძობენ.
საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს - ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევის შედეგები. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად ქვეყანაში, შესაძლოა, კიდევ 160 000 -მდე მოქალაქე სიღარიბეში აღმოჩნდეს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცება მეათე მოწვევის პარლამენტს მოუწევს, რომლის შემადგენლობაც ამომრჩევლებმა 31 ოქტომბერს უნდა განსაზღვრონ.