"ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო - საუბარია კადრებზე, სადაც "ლელოს" აქტივისტი "ოცნების" წევრს ემუქრება. რაშად მუსაევი, რომელიც "ლელოს" აქტივისტია, დილიდან გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარის მოადგილე სავალან მირზოევი აცხადებს, რომ მას "ლელოს" აქტივისტთან არანაირი საქმიანი ან პირადი ურთიერთობა არ ჰქონია.
"აკონკრეტებს ზუსტად, რომ ერთი ტყვია მაქვსო გადადებულიო შენთვისო, პირდაპირ აქედან ვიძახიო ამას, ცოტა ხანში ნახავთ, რომ ამ პირობას შევასრულებო, "ქართული ოცნების" დეპუტატს სავალან მირზოევს პირდაპირ ჩავცხრილავ და მომდევნო ჩემი პირდაპირი ლაივი იქნებაო შემთხვევის ადგილიდანო.
ვფიქრობ, რომ მუქარა პოლიტიკური არის, იმიტომ, რომ ამ ადამიანთან არანაირი საქმიანი, ან პირადი ურთიერთობა არ მქონია, ვიცი როგორც ჩვეულებრივი გარდაბნის მაცხოვრებელი და ვიცი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი, ბატონი რაშად მუსაევი არის პარტია "ლელოს" აქტივისტი," - აცხადებს სავალან მირზოევი.
განმარტება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიაში - "ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი, ვიდეოს ჩაწერის დროს, სავარაუდოდ, აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაშად მუსაევს თავი ეგრძნო სრულიად შეშინებულად და მიაღწიეს მიზანს, იმიტომ, რომ ეს მებრძოლი ადამიანი, ფაქტობრივად, გატეხეს, ის ჩააგდეს ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ის იყო თავის მოკვლის პირას, იყო ძალიან დაშინებული და ჰქონდა მოჭარბებული ემოციური ფონი, რასაც მიეწერება ამ ტიპის დაუფიქრებელი განცხადების გაკეთება ნასვამ მდგომარეობაში, ეს არის აფექტის მდგომარეობაში გაკეთებული განცხადება," - ამბობს პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რაშად მუსაევმა სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.