წინასაარჩევნო გარემოს ფარგლებში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ანგარიშში ასახა - არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მონიტორინგის შედეგად ძალადობის 11 ფაქტი და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 მცდელობა გამოავლინეს. კვლევაში მოხვდა წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების პროცესში რამდენიმე დაბრკოლება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობაც. საიას ანგარიშში ხელისუფლებასთან ერთად მოხვდა ოპოზიცია, რომელსაც მოსყიდვის 1 ფაქტი უკავშირდება.
შუალედურ ანგარიშში ძირითადი აქცენტები ძალადობრივ ფაქტებზე კეთდება, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბრის განმავლობაში ძირითადად ქვემო ქართლში გამოვლინდა. საიაში აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტებში როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება მოსყიდვის ფაქტებს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ეხება კომპანია „პსპ-ს“, რომლის მეპატრონეც გაერთიანებული ოპოზიციის წევრი კახა ოქრიაშვილი არის. კონკრეტულად კი საუბარია სარეკლამო ბანერზე, სადაც „პსპ“ მომხმარებელს 0%-იანი მოგებით მედიკამენტების გადაცემას ჰპირდება.
"11 შემთხვევიდან ყველაზე მეტი მოდის პარტია "ლელოს" წევრებთან დაკავშირებით, მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, როდესაც ეს ხელშეშლა ძალადობის და მუქარის შემცველი ელემენტებით გამოვლინდა. ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის პროცესები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ქვემო ქართლში, ბოლნისსა და მარნეულში. დადგინდა ძალადობრივი შემთხვევები. ალბათ, ამ შემთხვევების გარკვეული მატება კიდევ იქნება არჩევნებზე კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად.
ჩვენს ანგარიშში, ასევე, ვსაუბრობთ ამომრჩევლის მოსყიდვის ერთ შემთხვევაზე, როდესაც "პსპ" სთავაზობს მოქალაქეებს გარკვეული მედიკამენტების შეღავათიან ფასებში ჩამოტანას თურქეთიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი ოქრიაშვილი არის "პსპ-ს" 95%-ის წილის მესაკუთრე, ჩვენი შეფასებით ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა," – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე
საია-ში ასევე ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობენ. ორგანიზაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში წარმართოს.
"ამ ანგარიშმა აბსოლუტურად სხვა ტენდენციები გამოკვეთა ვიდრე წინამ. მოახლოვდა არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია უფრო დაიძაბა, ამიტომ ყველაზე დიდი რაოდენობით, რაც ამ ანგარიშში მოხვდა არის ძალადობის ფაქტები. ასევე ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევებიც, როგორიც არის სახელმწიფოს პარტიის გამიჯვნის პრობლემა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ სოციალური ვალდებულებების შესრულების ნაწილში და ეს არის ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვის ფაქტიც," - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.