საარჩევნო შეხვედრების დროს COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძის მოწოდებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიები. დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" შესაბამისი რეგულაციების დაცვას ყველანაირად შეეცდება, მამუკა მდინარაძემ იმავე ქმედებისკენ მოუწოდა ხელისუფლების ოპონენტებსაც. მდინარაძის მოწოდებას უპასუხეს ოპოზიციაშიც:
"ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ექნებათ, პირველ რიგში, ექიმებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული, მაგრამ იმის იმედი, რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა და ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი - "ქართული ოცნება", არ უნდა ჰქონდეს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივობების შეფერხებისკენ მიმართულად მიიჩნევს რომან გოცირიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას, თუმცა როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, ისინი ყველა შეხვედრას წესების დაცვით ჩაატარებენ:
"დღეს ვიხილეთ "ქართული ოცნების" შეშინებული წარმომადგენელი, რომელმაც დაინახა რა ჩვენი საერთო ეროვნული კამპანია, თუ როგორი მუხტია, რა განწყობით მოდის ხალხი, ახლა პანდემიას იყენებენ შეხვედრების დასაბრკოლებლად. ვერაფერში ვერ მოგვედავებიან, დავიცავთ ყველა წესს, რაც არის დადგენილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში," - განაცხადა რომან გოცირიძემ.