17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ლელო" არის ის პოლიტიკური ძალა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია ხელისუფლებას - ლევან კობერიძე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ეხება, სხვადასხვა სახის კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი - კონკრეტულად, საიას მონაცემებით,  სექტემბერში მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11, სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1, ამომრჩევლის მოსყიდვის 1 და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში პარტიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 ფაქტიდან მნიშვნელოვანი ნაწილი პარტია "ლელოს" წინააღმდეგ იყო მიმართული. რა პრობლემებს აწყდება "ლელო" წინასაარჩევნოდ, ამის შესახებ ვაკის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ლელო" არის ის პოლიტიკური ძალა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია ხელისუფლებას, რადგან ჩვენ ვართ სრულფასოვანი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომელიც ძალიან მალე აუცილებლად ჩაანაცვლებს ხელისუფლებას და ბუნებრივია, ეს არის ხელისუფლების მთავარი სატკივარი და წუხილი. დასკვნაში 11 ფაქტი უკვე არის დაფიქსირებული და ყველაზე მეტი "ლელოს" წინააღმდეგ არის მიმართული, იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, შევიწროება და ა.შ. დღეს უკვე 2 ფაქტია დაფიქსირებული, რომელიც იმ 11-ში არაა შესული, ერთი ქობულეთის ბაზარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება და მეორე სამეგრელოს რეგიონში, თამარ ბელქანიას შტაბის წევრზე ზეწოლა. გვესმის, რომ პოლიტიკა ბრძოლაა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, "ლელოს" ძალისხმევას მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ვერ შეაფერხებს. რაც შეეხება სამართალდამცავების რეაგირებას, კობერიძის თქმით, "ლელოს" იურისტების ჯგუფი იმდენად კვალიფიციურად აწვდის შესაბამის სტრუქტურებს ფაქტებს, რომ საქმის აღძვრის თავიდან არიდება ვეღარ ხდება, თუმცა საქმის აღძვრის მიუხედავად, გამოძიება ჭიანურდება.

ლევან კობერიძე "ლელოს" დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ პარტიას უკვე ორნიშნა რეიტინგი აქვს:

"თქვენ იცით უკვე, რომ ჩვენ ორნიშნა რეიტინგს გადავაჭარბეთ, ძალიან სწრაფად იზრდება "ლელოს" რეიტინგი და ეს აუცილებლად დასრულდება დამაჯერებელი გამარჯვებით," - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები