"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი მიდგომა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერების რიცხვს არ ზრდის.
ხატია დეკანოიძემ ეს ფაქტი საკუთარ პარტიაზე თავდასხმად შეაფასა.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციური პარტია საკუთარი თვითმყოფადობის გამოსააშკარავებლად აი ამ მძიმე მდგომარეობაში, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმია, ცდილობს სხვა ოპოზიციურ პარტიას და მის ლიდერს დაესხას თავს. მე არ მახსენდება ასეთი შემთხვევა და, ზოგადად, არ არსებობს, მგონი, ჩვენ ახლა ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი არის წარსული და რეტროგრადული და ა.შ. მგონი, სასაცილო კონტექსტში გადადიან. მე ვესაუბრები უამრავ ადამიანს და ვერ გეტყვით, რომ ეს მათი პარტიის მხარდამჭერების რიცხვს ზრდის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში.