"ლელო" კიდევ ერთი მუქარის მცდელობაზე საუბრობს. ამ თემაზე პარტიის სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თამარ ბელქანიამ და ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგი გამართეს. მათ მორიგი ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე ისაუბრეს, რომელიც მათი მტკიცებით, "ქართული ოცნების" მიერ განხორციელდა.
"ჩემს პრესმდივანს, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია, დაურეკეს და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. მე ამას პირად გამოწვევად ვიღებ და მივმართავ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს მშვიდი გარემო ჩვენს რეგიონში და ჩვენს კუთხეში,"- აღნიშნა პარტიის სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ბელქანიამ.
კონკრეტულად კი, "ლელოს" ინფორმაციით, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის და მარტვილის საარჩევნო ოლქის კანდიდატის, თამარ ბელქანიას პრესმდივანს დიმა კვარაცხელიას, გულბაათ ქარდავა დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ეს ადამიანი გახლავთ გულბაათ ქარდავა, "ქართული ოცნების" ზონდერი, ამის შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ დგას. მე მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი, ხელისუფლებას, რომ დროულად დაისაჯოს ეს ადამიანი," - აცხადებს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის და მარტვილის საარჩევნო ოლქის კანდიდატ თამარ ბელქანიას პრესმდივანი დიმა კვარაცხელია.