პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მან და ბიზნეს სექტორში იმ დროს მოღვაწე ადამიანებმა ქართული ეკონომიკა გადაარჩინეს.
გარდა ამისა, ხაზარაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მას ურთიერთობა არ ჰქონია.
ხაზარაძე ასევე წინა ხელისუფლების მმართველობის დროს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის მიღების საკითხსაც გამოეხმაურა.
"წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენ საქმეს ვაკეთებდით, დიახ, მიუხედავად იმისა, ჩვენზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე 2003 წელს, როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, 2008 წლამდე ჩვენი საქმე იყო პროკურატურაში გვატარებდნენ. მერე იყო კიდევ მეორე საქმე, რომელსაც ასევე ჰქონდა საფუძველი ჩვენსა და სასამართლოს შორის.
მიხეილ სააკაშვილთან მე არანაირი ურთიერთობა არ მქონია, გარდა იმისა, რომ ის ერთხელ ჩამოვიდა ქუთაისში, სადაც ჩვენ ავაშენეთ უზარმაზარი, თანამედროვე "თიბისი ბანკის" შენობა და 2008 წლის ომის შემდეგ, სწორედ მე, ბადრიმ და კიდევ რამდენიმე იმ დროს მოღვაწე ადამიანმა, მათ შორის მინდა გამოვყო გიორგი ქადაგიძე, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ გადავარჩინეთ ქართული ეკონომიკა. გადავარჩინეთ ჩვენი ზარალის ხარჯზე, მაგრამ გადავარჩინეთ მთელი საბანკო სისტემა. არცერთ ადამიანს ომის მერეც ერთი თეთრი არ დაკარგვია, იმ სიტუაციაში, როდესაც 35 კილომეტრში იდგა რუსული ტანკები. ის ფორმა, რა ფორმითაც მე ორდერი გადმომცეს, ცოტა შეურაცხმყოფელი იყო, დაცვამ მომიტანა და დამიტოვა ოფისში, მაგრამ მე არ გამიკეთებია ასეთი ჟესტი, რომ უკან გამეტანებინა და ასე შემდეგ. მივიღე და გადავწყვიტე, კომისიამ, რომელიც მსჯელობს ასეთ გადაწყვეტილებებზე, მივიღე არა მიხეილ სააკაშვილის პირად ჯილდოდ, არამედ იმ სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებად," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი მიიღო.