17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
აუცილებლად მოვიგებდით ანაკლიის ტენდერს, რადგან იყო ამერიკული კომპონენტი - მამუკა ხაზარაძე

მოიგებდა თუ არა მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად ტენდერს, მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო რომ არ ყოფილიყო -  "ღამის კურიერის" ამ კითხვას "ლელოს" ლიდერმა უპასუხა, რომ კი, აუცილებლად მოიგებდა.

მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა იმ წინადადებაზე, რომელიც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მაშინდელ ხელისუფლებას შესთავაზა. 

"რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ანაკლიის პროექტი სანამ გამოცხადდებოდა კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მას უსწრებდა წინ იაპონური, დამოუკიდებელი კომპანიის ექსპერტიზა, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა ამაში საპარტნიორო ფონდმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთადერთი ადგილი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, აქ პოლიტიკური ნიშანი საერთოდ არ იყო, ეს არის ანაკლია.

ამის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი ასეთი პირობებით: 1000 ჰექტარი მიწა გადაეცემა ინვესტორს, რომელიც ააშენებს 100 მილიონ ტონიან პორტს და 50 წლის მერე უკვე დამთავრებულ 9 ფაზას უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ჩვენ ეს პროექტი რომ შევისწავლეთ ჩვენს პარტნიორ ამერიკელ კომპანიასთან ერთად, რომელთან ერთადაც ჩამოვაყალიბეთ კონსორციუმი, დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, მოვიწვიეთ ამერიკული საინჟინრო კომპანია, რომელმაც თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზიტული მდგომარეობა არის ძალიან საინტერესო, ქვეყანა არ უნდა იყოს ტრანზიტულ ტვირთებზე დამოკიდებული. ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რაღაც რომ მოხდეს სამეზობლოში, სტრატეგიული პორტი არ უნდა გაგიჩერდეს. ამიტომ, მათ თქვეს, რომ უნდა შევცვალოთ - 1000 ჰექტარი მიწა არ სჭირდება პორტს, ეს ყველაფერი დავიყვანეთ 450 ჰექტრამდე. მივედით ახალი წინადადებით, ჩვენ გთავაზობთ, რომ 450 ჰექტარში ჩავატევთ იმას, რაც თქვენ 1000 ჰექტარში გინდოდათ ჩაგეტიათ და დანარჩენ ტერიტორიაზე გავაკეთებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც ქმნის 10 ათასობით სამუშაო ადგილს.

აუცილებლად მოვიგებდით ტენდერს, რადგან აქ იყო ამერიკული კომპონენტი, 4 უზარმაზარი ბანკის განზრახულობათა ოქმზე ხელმოწერა, ეს ის ბანკებია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლევს საბიუჯეტო დახმარებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია - ამერიკელი ოპერატორი,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები